header-icon
Главная > (Русский) Вопросы > ზიარება, მონანიება, აღსარება > მონანიების საიდუმლო. აღსარება. ზიარებისთვის მომზადება

მონანიების საიდუმლო. აღსარება. ზიარებისთვის მომზადება

ზიარებისთვის მომზადება ხდება უზმოზე, ამიტომაც უკვე შუაღამიდან დაწყებული არ შეიძლება საკვებისა და სასმელის მიღება. ეს წესი პატარა ბავშვების მიმართ არ გამოიყენება მცირე ასაკისა და სუსტი ჯანმრთელობის გამო.

იმისათვის, რომ ზიარებისათვის მზად იყოს, ქრისტიანმა რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა იმარხულოს და წაიკითხოს საგანგებო ლოცვები. მომზადება იმას გულისხმობს, რომ მან უნდა გადახედოს თავის წარსულ ცხოვრებას – გაიხსენოს ყველა ცოდვა, რომელიც ჯერ კიდევ არ მოუნანიებია, ყველას შეუნდოს და თვითონაც პატიება ითხოვოს ყველასგან, უშუალოდ ზიარების წინ აღსარება თქვას და მხოლოდ ამის შემდეგ ეზიაროს. გახსოვდეთ, რომ თუ ადამიანი საზიარებლად არაწმინდა გულით მიდის, თუ შური, წყენა და სხვა სულიერი უწმინდურებანი არ განუშორებია, მას, როგორც წმიდა სისხლისა და ხორცის შეურაცხმყოფელს, ზიარება ხსნას კი არ მოუტანს, არამედ მარადიულ სატანჯველს მოუვლენს სასჯელად.

ზიარებისთვის მზადებაში შედის: აღსარების ჩაბარება სულიერ მოძღვართან; ზიარების წინა დღეს საღამოს ლოცვაზე დასწრება; საღამოს ლოცვის შემდეგ საღმრთო ლიტურგიამდე (წირვამდე) ზიარების წინა საგანგებო ლოცვის წაკითხვა; ზიარების წინ დღის საღამოდან ვწყვეტთ საკვების, სითხისა და წამლების მიღებას.

„ეზიარება მონა ღმრთისა … პატიოსანსა და წმიდასა ხორცსა და სისხლსა უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ“.

ამ ლოცვას ღმრთისმსახური წარმოთქვამს, როდესაც ქრისტიანს წმიდა საიდუმლოსთან აზიარებს და თუ მაზიარებელი გულმოდგინედ მოემზადა ამ უდიდეს მადლთან შესახვედრად, ის ადამიანის მთელ არსებას გარდატეხს და მარადიული ცხოვრების ღირსად ხდის მას.

ზიარების შემდეგ ვკითხულობთ სამადლობელ ლოცვას.