ცოცხალთა ჯანმრთელობისა და მიცვალებულთა მოხსენიების მტავარი ლოცვა სრულდება საღვთო ლიტირგიის დროს. წირვის პირველ ნაწილში მღვდელი ასრულებს კვეთას – ხუთივე სეფისკვერიდან ნაწილებს ამოიღებს. პირველი სეფისკვერი სიმბოლურად მაცხოვარს – ჩვენთვის დაკლულ (შეწირულ) ღვთის ტარიგს განასახიერებს. ევქარისტიული კანონის შესრულების შემდეგ მისგან ამოღებული ნაწილებით მორწმუნეებს აზიარებენ. კვეთის დროს მღვდელი კითხულობს ლოცვებს. მეორე სეფისკვერიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ამოიღება ნაწილები, მესამიდან – წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მღვდელმთავართა, მოწამეთა, აღმსარებელთა და ყოველთა წმიდათა სახელზე; მეოთხიდან – ცოცხალთათვის; მეხუთიდან კი – მიცვალებულთათვის. ამავე დროს ხდება მორწმუნეთა მიერ შეგზავნილი პატარა სეფისკვერების კვეთა და მოსახსენებელში ჩამოწერილ მონათლულ ქრისტიანთა სახელების მოხსენიება.
ყოველი სახელის მოხსენიების შემდეგ მღვდელმსახური სეფისკვერის ნაწილს ამოკვეთს სიტყვებით: “მოიხსენე, უფალო, (მიუთითებს ჩვენ მიერ ჩაწერილ სახელს)”. ეს ნაწილებიც საღვთისმსახურო სეფისკვერიდან ამოკვეთილ ნაწილებთან ერთად ფეშხუმზე ეწყობა. ფეშხუმზე ამ რიგით დაწყობილი სეფისკვერთა ნაწილები ქრისტეს ეკლესიის სიმბოლოა.
წირვის დროს მორწმუნენი ტაძრის საკურთხეველში გზავნიან მოსახსენებელს, რომელშიც მხოლოდ იმათ სახელთა ჩაწერა შეიძლება, ვინც მართლმადიდებელ ეკლესიაშია მონათლული.
მოსახსენებლის ერთ ნაწილში ცოცხლებს ვიხსენიებთ, მეორეში კი გარდაცვლილებს. ცოცხალთათვის განკუთვნილ მოსახსენებელს ასევე ეძახიან მოსახსენებელს “ჯანმრთელობისთვის”. ჯანმრთელობის ცნება მხოლოდ ფიზიკურ სიჯანსაღეს არ გულისხმობს, ის ადამიანის სულიერ მდგომარეობას, მატერიალურ კეთილდღეობასაც მოიცავს. ამდენად, თუ ისეთი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ვლოცულობთ, რომელმაც მრავალი ბოროტება ჩაიდინა, უფალს შევთხოვთ, შეცვალოს მისი შინაგანი მდგომარეობა და ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი კაცი სიკეთისკენ მოაქციოს.
ამ მოსახსენებელში ყველა იმ ადამიანის სახელი უნდა ჩავწეროთ, ვისაც ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ცხონებას ვუსურვებთ. ნათესაობით ბრუნვაში იწერება მშობლების სახელები, ჩვენი სახელი, ოჯახის წევრთა, ახლობლებისა და ნათესავების სახელები… დასასრულს, თუკი მოძულენი, მაჭირვებელნი, მოშურნენი ან სულაც მტრები გყავთ, მოსახსენებელში მათი სახელებიც ჩაწერეთ. არ იწერება გვარები და ნათესაობის კავშირი.
მოსახსენებლის მეორე ნაწილი მიცვალებულთა სახელზეა. მასში იმ გარდაცვლილთა სახელები იწერება, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასნი და ახლობელნი არიან.