როგორ ხდება ჯვრისწერა?
ჯვრისწერის წესი შედგება ორი ნაწილისაგან, როგორებიცაა ნიშნობა და ჯვრისწერა. ძველად ნიშნობა ცალკე იმართებოდა. ქორწინების საელკესიო დალოცვა საღვთო ლიტურგიის დროს სრულდებოდა. ამჟამად ჯვრისწერა ტაძრის კარიბჭეში ჩატარებულ ნიშნობის შემდეგ ხდება.
ნეფე მარჯვენა მხარეს დგება, პატარძალი კი მარცხენა. მათი სამგზის დალოცვისას ნათელი სიხარულისა, სიწმინდისა და ერთმანეთისადმი მგზნებარე სიყვარულის ნიშნად მღვდელი ნეფე-პატარძალს ანთებულ სანთლებს აძლევს.
საკურთხეველში ნაკურთხი ბეჭდებით მღვდელი ჯერ ნეფეს ჯვრით ჩრდილავს და სიტყვებით: „ინიშნება ღვთის მონა (ნეფის სახელი) ღვთის მონაზე (პატარძლის სახელი). დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულისა“ თითზე ბეჭედს უკეთებს. მეორე ბეჭედს კი სამჯერ პირჯვარის გადააწერის შემდეგ პატარძალს თითზე უკეთებს იგივე სიტყვებით.
ნეფე და პატარძალი ანთებული სანთლებით ტაძრის შუაგულში გადიან და დგებიან სტოიოს შუაში წმინდა ევანგელისა და ჯვრის წინაშე. ერთად დგებიან თეთრ ტილოზე, რომლის სიმბოლოა ცოლ-ქმრის ერთობლივი ცხოვრება, მათი აზრებისა და გრძნობების სიწმინდე. ამის შემდეგ იწყება 127-ე ფსალმუნის კითხვა ჩასართავით – ,,დიდება შენდა ღმერთო ჩუენო , დიდება შენდა.’’რასაც მოჰყვება მშვიდობიანი კვერექსი და რამდენიმე მცირე ლოცვა ,რომელთა შემდეგაც მღვდელი, გვირგვინებით შეამკობს წყვილს. ამ დროს იგი ამბობს შემდეგ ლოცვას: ,, გვირგვინოსან იქმნების მონა ესე ღუთისა და მხევალი ღმრთისა , სახელითა მამისათა, და ძისათა , და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის , და უკუნითი უკუნისამდე . ამინ. ‘’
თუკი საკითხის ისტორიას გადავხედავთ, ნათელი იქნება რომ თავიდან ,ძირითადად , გვირგვინები იყო, ყვავილებისგან დაწნული, ძვირფასი მეტალისგან დამზადებულებს კი უფრო მეტად, მოგვიანო პერიოდში ვხვდებით. სიმბოლურად ისინი გამოხატავენ ადამიანის ცოდვის დაცემის შედეგად დაკარგული სამეფო ღირსების ქორწინებით აღდგენას, მოწამეობრივ ღვაწლს და პატივს .
ყოველივეს მოსდევს სამოციქულოსა და სახარების წაკითხვა. ამ უკანასკნელში აღწერილია კანას და გალილეაში იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის პერიპეტიები როდესაც მან წყალი ღვინოდ გადააქცია. საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს ამ საკითხის შესახებ ეპისკოპოსი თეოდორე ტეკუჩევი: ,, ქორწინებამდე სიძე და პატარძალი წყალი არიან, ქორწინების შემდეგ კი ღვინო. ‘’
,,მამაო ჩუენოს’’ დასრულების შემდეგ მღვდელი ტაკუკით მისცემს წყვილს ღვინოს. ადრეულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში ამ დროს ხდებოდა ახალშეუღლებულთა ზიარება, ხოლო ტაკუკით ღვინის შესმა (ისევე როგორც ნათლობისას , ემბაზის გარშემოვლა) სწორედ ხსენებული ძველი წესის გახსენებაა. სიმბოლურად ერთი სასმისიდან ღვინის დალევა გამოხატავს ცხოვრებისეული იმ სიძნელეების თანაბრად გადანაწილებას, რომლებიც მეუღლეებს შეხვდებათ სიცოცხლის მანძილზე.
სასმისის მიღების შემდეგ სასულიერო პირი შეაერთებს წყვილის ხელებს, გადააფარებს მათ ოლარს, დაადებს ზემოდან ხელს და სამჯერ შემოუვლიან წრიულად ანალოღიას. ეს ქმედება სიმბოლურად გამოხატავს იმას, რომ ეკლესია სამარადისოდ აუღლებს წყვილს. წრე მარადიულობის ალეგორიული სახეა, ხოლო სამგზის შემოვლა კი ყოვლადწმიდა სამების მიერ ნაკურთხი კავშირის.
ეს ყოველივე სრულდება ლოცვით , რომელიც კურთხევანში ჩაწერილია როგორც ,,გახსნისა გვირგვინისასა დღესა მერვესა‘’. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჯვრისწერის დასრულების შემდეგ ადრეულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში არ ხსნიდნენ წყვილებს გვირგვინს. მერვე დღეს მიდიოდა მღვდელი მათ სახლში, ხელახლა ლოცავდა მეუღლეებს და გვირგვინები მოჰქონდა ტაძარში. ამ მომენტშიც რვა დღის სიმბოლურ გააზრებას, სწორედ იგივე დანიშნულება აქვს , რაც ნათლობის საიდუმლოს შესახებ საუბრისას ვახსენეთ.
მსახურების დასასრულს, მღვდელს აჰყავს წყვილი ამბიონზე, მიულოცავს მათ ამ დღეს და იქ მყოფ ხალხსაც მოუწოდებს მათი სიხარულის გაზიარებისკენ.