header-icon
Главная > (Русский) Вопросы > განსვლის ლოცვა

განსვლის ლოცვა

როგორ ხდება განსვლის ლოცვა?

ზეთისკურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით ენიჭება მადლი, რომელიც განმწმედელია და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან მაკურნებელი; ის აძლიერებს მორწმუნეს ეკლესიურ ცხოვრებაში. თუკი ადამიანი აღსარებებში სრულად და გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად მისი სხეულიც ზიანდება. ზოგჯერ ადამიანს ავიწყდება კიდეც მის მიერ ჩადენილი ცოდვები და ამით ცოდვის ფესვები მასში კიდევ უფრო ძლიერდება. სწორედ ამ მომძლავრებული ცოდვის დასაძლევადაა დამკვიდრებული ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულება.

წყალი იკურთხებოდა ისევე, როგორც ზეთი, როგორც მაკურნებელი თვისებების მქონე ნივთიერება, რომელიც ჰკურნავს ყოველ სნეულებას.ზეთის კურთხევის წესში მითითებულია, რომ კურთხევის დროს ზეთს უნდა შეერიოს ღვინო ან წყალი. რაც შეეხება სნეულებზე შვიდგზის ზეთისცხების წესის აღსრულებას, იგი პირველქრისტიანთა ტრადიციებიდან მომდინარეობს. როდესაც მღვდელი სნეულს ეწვეოდა, 7 დღე ზედიზედ ლოცვებს უკითხავდა და ზეთსაც აცხებდა ხოლმე. სწორედ ამ ტრადიციის გამო, შემდგომში დამკვიდრდა შვიდგზის ზეთისცხების შესრულებაც.

სნეულებზე ზეთისცხების საიდუმლო შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს შესრულდეს, თუკი ამას ავადმყოფის მდგომარეობა მოითხოვს. კურთხევანში წერია, რომ ეს წესი შვიდმა მღვდელმა უნდა აღასრულოს. თუმცა საიდუმლო შეიძლება ერთი მღვდლის მიერაც შესრულდეს, რადგან მღვდელმსახური ეკლესიის სახეს წარმოადგენს და ნებისმიერ მღვდელს ხელეწიფება ამ საიდუმლოს სრული სახით აღსრულება.

ზეთის კურთხევის საიდუმლო სრულდება შემდეგნაირად: მაგიდაზე დაასვენებენ ჯვარს და სახარებას, დადგამენ ჭურჭელს ხორბლით, რომელშიაც ჩადგამენ მეორე მომცრო ჭურჭელს ღვინო შერეული ზეთითღვინოწითელი უნდა იყოს. ხორბალში ჩაარჭობენ შვიდ ღერ თაფლის წმიდა სანთელს და შვიდ ჩხირს, თითოეულ თავზე ბამბა შემოხვეულს.ღვთისმსახური კითხულობს ლოცვებს ზეთის კურთხევაზე და ავადმყოფის განკურნებაზე. წაიკითხავენ შვიდ თავს სამოციქულოს და შვიდ თავს სახარებას. მღვდელი ნაკურთხ ზეთს შვიდჯერ სცხებს ჯვარის გამოსახვით ავადმყოფს შუბლზე, ლოყებზე, ხელებზე და გულზე; შესთხოვს ღმერთს, როგორც სულისა და ხორცის მკურნალს, რომ მან (ღმერთმა) განკურნოს მონა/მხევალი თვისი (სახელი) სულიერი და ხორციელი სნეულებებისაგან. ბოლოს მღვდელი გაშლის სახარებას, დაადებს ავადმყოფს თავზე და შესთხოვს ღმერთს, მიუტევოს ავადმყოფს ყოველივე შეცოდებანი.